ТУПИК ИМЕНИ ПУТИНА - სააკაშვილის ,,ტუპიკი,,

ТУПИК ИМЕНИ ПУТИНА  -  სააკაშვილის ,,ტუპიკი,,




ТУПИК ИМЕНИ ПУТИНА - აი, ამ „ტუპიკში“ გვიპირებს შერეკვას სააკაშვილი - XXI საუკუნის ქართველი მღვდელი გაპონი.

„ნაცმოძრაობამ“ ბოლომდე გათქვა თავისი თავი და, ფაქტობრივად, ღიად განაცხადა, რომ თუნდაც ხვალვე შესრულდეს მის მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნა, ის პარლამენტში შესვლას მაინც არ აპირებს და არც არასდროს აპირებდა _ არც მაშინ, როცა ოთხპუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა „ქართულ ოცნებას“, არც მაშინ, როცა ფასილიტატორი ელჩების ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრებზე დადიოდა და ვითომდა აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პუნქტების გარშემო ატეხილ დისკუსიებში, არც მაშინ, როცა არარსებული პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვდა, არც მაშინ, როცა ხელახალ არჩევნებზე საუბრობდა.
ყველაფერი ეს ბლეფი და წყლის ნაყვა იყო _ როგორც ვთქვით, „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა გაირკვა, რომ ვერ აღსრულდა მისი მთავარი მიზანი _ „ქართული ოცნების“ დამარცხება და ხელისუფლებაში მოსვლა.
კიდევ ვიმეორებ: „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ ყველა მოთხოვნა რომ შეასრულოს, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზეც თანხმობა რომ განაცხადოს, „ნაცმოძრაობა“ მაინც არ შევა პარლამენტში და ამას აქვს თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები.
მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაცმოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც კი უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, ის არის, რომ „ნაცმოძრაობამ“ შესანიშნავად იცის, არჩევნები არ გაყალბებულა, ყოველ შემთხვევაში, ის შედეგი, რაც მან ამ არჩევნებში მიიღო - 27%, აბსოლუტურად რეალური ციფრია, ისე, როგორც აბსოლუტურად რეალურია ციფრი 48%, რაც „ქართულმა იცნებამ„ ამ არჩევნებში აჩვენა.
აი, ეს შეფასება _ 27% 48%-ზე, „ნაცმოძრაობას“ ლოგიკურად აფიქრებინებს, რომ პატიოსან, ობიექტურ არჩევნებში მას „ქართული ოცნების“ დამარცხების არანაირი შანსი არ აქვს, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიების იმედით ამ ბრძოლაში შესვლა არ ღირს, რადგან ამ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შემდგომ პერიოდში ისე შეერყათ იმიჯი, რომ მათ შეიძლება იმ ხმების ნახევარიც კი ვერ აიღონ, რაც 31 ოქტომბერს აიღეს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელახალ არჩევნებში, ალბათ, ისეთი ახალი პოლიტიკური სუბიექტებიც ჩაერთვებიან, რომლებიც, ნაკლებმოსალოდნელია, რომ „ნაცმოძრაობის“ სატელიტების როლს ითამაშებენ.
ამ მხრივ გაცილებით მეტი რესურსი სწორედ რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომელმაც საარჩევნო პერიოდში გარკვეული ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომები დაუშვა, რის შედეგადაც ბარიერგადალახული პარტიების რიგებში არცერთი ისეთი პარტია არ აღმოჩნდა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დამოკიდებულებაში მეტ კონსტრუქციულობას გამოიჩენდა და მასთან პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე უარს არ იტყოდა.
ასეთი პარტიები ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არის და თუ ახალი არჩევნები დაინიშნება, ისინი აუცილებლად გააქტიურდებიან და, ალბათ, იმ წვრილ-წვრილ პარტიებსაც დაჯაბნიან, რომლებმაც 31 ოქტომბერს ბარიერი გადალახეს.
აქ ჩამოთვლილი მიზეზების და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, „ნაცმოძრაობა“ მისულია იმ დასკვნამდე, რომ ხელახალ არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ დამარცხება გარდაუვალია, რაც „ნაცმოძრაობისთვის“ სრული კატასტროფა და მისი პოლიტიკური აწმყოსა და მომავლის დასამარება იქნება.
ამიტომაც „ნაცმოძრაობა„ არავითარ შემთხვევაში არ შევა პარლამენტში და „ქართული ოცნების“ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ შემატებს იმის საფასურად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის ახალი არჩევნები დანიშნოს, სადაც „ნაცმოძრაობა“ უნდა დამარცხდეს და საბოლოოდ და სამუდამოდ უნდა დაიმარხოს.
„ნაცმოძრაობა“ ფიქრობს, რომ არა არჩევნების, არამედ არეულობის, სამოქალაქო მღელვარების, კრიზისის, რევოლუციის ფონზე გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნების პირობებში.
აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობას“ ჯერ რიგგარეშე არჩევნები კი არა, ჯერ ქაოსი, საყოველთაო-სახალხო მღელვარება, კრიზისი უნდა, რომ ამ ფონზე დანიშნულ არჩევნებზე ხალხს უთხრას, რომ ის განმუხტავს სიტუაციას, ის დაძლევს პრობლემებს, ის მოევლინება ქვეყანას მხსნელად და მესიად.
„ნაცმოძრაობა„ არჩევნების მეორე დღიდანვე არც მალავდა, რომ ამ სცენარის განხორციელებისკენ მიისწრაფვოდა.
ის თავის სატელიტებთან ერთად ახლაც ამ სცენარისთვის ემზადება, ხოლო სხვა დანარჩენი _ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა სახის ინიციატივები ვითომდა შექმნილი მდგომარეობის განსამუხტად, დროის გაყვანის ტაქტიკაა და მეტი არაფერი.
ახლა კი დრო დადგა ვთქვათ, რომ ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს, ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მითითებით და მისი ინსტრუქციებით კეთდება.
(თუმცა უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი მაინც კრებითი სახელია იმ ჯგუფისა, რომელიც ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის გეგმაზე მუშაობს და რომელსაც საერთო ხელმძღვანელობას და კურატორობას სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია უწევს).
ისედაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი სააკაშვილი შეპყრობილია ძალაუფლების მანიაკალური ჟინით.
მან ერთხელ უკვე იგემა ძალაუფლებით ტკბობის და თრობის ნეტარი შეგრძნება. ძალაუფლება მისთვის ნარკოტიკივითაა, ამ ნარკოტიკზეა „შემჯდარი“ და მის გარეშე არსებობა უჭირს.
სააკაშვილი „ლომკაშია“ და ინექციის ის დოზა, რომელსაც ხან გვარამია „შეუშხაპუნებს“, ხან გაბუნია და მელაძე, „კაიფისთვის“ არ ჰყოფნის _ მას სრული „კაიფისთვის“ სრული ძალაუფლება სჭირდება, ამას კი მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებას ჩამოაშორებს და ხელისუფლების სადავეებს თვითონ ჩაიგდებს ხელში. თუ არადა, მას საერთოდ არ აინტერესებს, 5 ნაცი შევა პარლამენტში, 15 თუ 35, „ლელო“ შევა პარლამენტში თუ „გირჩი“?
ყველაფერი, რაც მის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ უზრუნველყოფს, სააკაშვილისთვის აბსოლუტურად სულერთია.
აი, ასე ეწირება ძალაუფლების ნარკოტიკზე „შემჯდარი“ სააკაშვილის „ლომკებს“ თვით „ნაცმოძრაობის“, სხვა ბარიერგადალახული პარტიების და, ზოგადად, ქართული სახელმწიფოს ინტერესები.
დილემა, რომელიც დღეს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წინაშე დგას, მარტივია: ან საქართველოს მხარეს უნდა დადგე და პარლამენტში უნდა შეხვიდე, ან რევოლუციის შიზოიდური იდეით შეპყრობილი სააკაშვილის ბოდვებს უნდა დაჰყვე და შენს თანამემამულეებს და შენს ქვეყანას უნდა დაუპირისპირდე, რომ შლეგმა და რევანშისტული ზრახვებით დაბოღმილმა სააკაშვილმა ეგოისტური ხუშტურები დაიკმაყოფილოს და ისევ ის აკეთოს, რასაც 2003–20012 წლებში აკეთებდა.
არ ვიცი, რითი ჰყავს სააკაშვილს დაბეჩავებული და დაშინებული ის 51 ადამიანი, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკურ მაფიოზად და ქართული ოპოზიციის ნათლიმამად ქცეული საააკაშვილის ეშინიათ და ვერ შედიან.
იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ 51 ადამიანიდან თითქმის ყველას, რამდენიმე გონებაჩლუნგის გარდა, ძალიან კარგად ესმის, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვისაც და პირადად მათი პოლიტიკური კარიერისთვისაც ის სცენარი, რომელსაც სააკაშვილი და ბიძამისი გამარჯვების გარანტად მიიჩნევენ.
გამარჯვების კი არა, ეს არის მთელი ქვეყნის დამარცხების და გაპარტახების სცენარი, რომელსაც ქვეტექსტად გასდევს სააკაშვილის ბოროტ ტვინში მოფუთფუთე ფრაზა: თუ მე არ ვიქნები ხელისუფლების სათავეში, ქვა ქვაზე არ დარჩენილა და წყალს და მეწყერს წაუღია ყველაფერი.
ვერ გამიგია, ამ ნახევრად შეშლილი კაცის ავადმყოფურ ვნებებს უნდა შეეწიროს აქამდე ტანჯვით, ვაებით, სისხლით მოტანილი ეს ქართული სახელმწიფო?
ქვეყნის ინტერესების გარშემო გაერთიანდითო - მოგვიწოდა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დაგნანმა.
ქალბატონი დეგნანის მიმართ სასაყვედურო ნამდვილად არ გვაქვს, პირიქით, ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ელჩი, რომელმაც ქართული სახელმწიფოს ინტერესები დააყენა ყველაზე მაღლა და ისე თავგამოდებით იბრძოლა საქართველოსთვის, როგორც მშობლიური ქვეყნისთვის შეიძლება იბრძოლოს პატრიოტმა ადამიანმა.
დიახ, ქალბატონი კელის მისამართით მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ისე, როგორც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ევროკავშირის ელჩის, ბატონი კარლ ჰარცელის მისამართით, თუმცა ერთი კითხვა აუცილებლად უნდა დავსვათ: რით ვერ გაიგო ევროკავშირმა, აშშ-ის წინა თუ იმის წინა ხელისუფლებების ადმინისტრაციებმა, რით ვერ გაიგეს საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, ვინ არის სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ და რა საშინელებები აქვთ მათ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე?
აი, ეს წმინდაწყლის ფშისტურ-კრიმინალური ძალა, მისი „ფიურერის“, სააკაშვილის ხელმძღვანელობით აპირებს ხელისუფლებაში მობრუნებას და მთელი ეს ვაკხანალია, ეს ტრაგიკომიკური მარაზმი, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, ამ ძალის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან მოდის.
ჰიტლერს თავი რომ არ მოეკლა და რამდენიმე წლის შემდეგ უკან, ხელისუფლებაში დაეპირებინა მობრუნება, როგორ მაინტერესებს, როგორ მოიქცეოდა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და სენატი?
ცოცხალია ეს ჩვენი ჰიტლერი, სააკაშვილი, ცოცხალი კი არა, თავისი გავლენიანი მფარველების და პატრონების მიერ წაქეზებულმა, ლამის არის იმ ქვეყნის კარები ძალით შემოანგრიოს, რომლის მოქალაქეობაზეც საკუთარი ნებით თქვა უარი, ხოლო დემოკრატიული მსოფლიო ამ მოძალადის თავხედობაზე მრავალმნიშვნელოვნად დუმს.
ვერ მოხერხდება სააკაშვილთან და „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქვეყნის ინტერესების გარშემო გაერთიანება, ქალბატონო კელი, რადგან სააკაშვილი დიდი ხანია, ფარული კავშირებით არის შეკრული ერთ მეზობელ ზესახელმწიფოსთან, რომლის ინტერესებშიც სულაც არ შედის, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანდნენ და საქართველო ძლიერი, სტაბილური, მშვიდობიანი ქვეყანა გახდეს.
სააკაშვილმა თავისი პროვოკაციული და ავანტურისტული ქმედებებით უზრუნველყო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს წაეღო.
გვერწმუნეთ, სააკაშვილი იმაზეც არის წამსვლელი, რომ ოცი პროცენტი კი არა, თუნდაც მთელი საქართველო რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს, ოღონდ თვითონ იყოს ხელისუფლებაში.
მას დემოკრატიაც ფეხებზე ჰკიდია, საქართველოც, ამერიკაც, ევროკავშირიც და ეშმაკსაც კი შეეკვრება, ოღონდ კი თავისი დემონური ინსტინქტები და ამბიციები დაიკმაყოფილოს.
- ვერ ვხვდები, რა უნდა ოპოზიციას და რატომ არ შედის პარლამენტში? - გულწრფელად წუხს და გულწრფელად უკვირს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამოლს.
ოპოზიციას კი ნუ უსვამთ ამ კითხვას, ქალბატონო კრამოლ, სააკაშვილს ჰკითხეთ, სააკაშვილს, რომლის ბრძანებასაც ასრულებს ეს ბეჩავი და უთავმოყვარო ოპოზიცია.
- ევროკავშირის თხოვნას, ამერიკის ელჩის თხოვნას, სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების თხოვნას ოპოზიცია არაფრად აგდებს, მაგრამ ერთი პუტინმა უბრძანოს, შედით პარლამენტში, თქვე სუკინსინებოო, წინ სააკაშვილს წაიმძღვარებენ და ეგრევე შელაგდებიან პარლამენტში, _ ვწერდით ამ ორიოდე თვის წინათ.
ყველაფერი ცხადია, ყველაფერი ნათელია, უბრალოდ, მიზეზთა და მიზეზთა გამო, საგნებს და მოვლენებს თავისი ნამდვილი სახელი ვერა და ვერ დაერქვა, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარედან, ამიტომაც ვცხოვრობთ ამ ბილინგვურ პოლიტიკურ ჩიხში. იქვე ყრუ კედელია, რომელსაც მსხვილი შრიფტით აწერია: Тупик имени Путина.
აი, ამ „ტუპიკში“ გვიპირებს შერეკვას სააკაშვილი - 21-ე საუკუნის ქართველი მღვდელი გაპონი.
**
„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მიმართებაში აბსოლუტურად სწორ და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალულ გადაწყვეტილებებს იღებს და თანმიმდევრულად იწყებს ყველა იმ პუნქტის განხორციელებას, რაც ოპოზიციის ოთხპუნქტიან მოთხოვნაშია მოცემული.
იქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც საარჩევნო სისტემის ძირფესვიან შეცვლაზე და ცესკოს ადმინისტრაციის სრული საკადრო გადახალისების საკითხებზე იმუშავებს.
კომისიის კარი ღიაა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის.
ყალიბდება დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, სადაც წევრთა უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან.
კომისია შეისწავლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე შესაძლო გაყალბების და სხვადასხვა სახის კანონდარღვევების ფაქტებს.
აქვე „ქართული ოცნება“ პირობას დებს, თუ გაყალბების მაჩვენებელი 1%-ს გადააჭარბებს, ის მზადაა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
მოკლედ რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ მზადაა, შარის ხასიათზე დამდგარი ოპოზიციის ყველა მთავარი მოთხოვნა შეასრულოს და ოპოზიციას ბოიკოტის და პროცესების ესკალაციის ყველანაირი საბაბი და მოტივი გაუნულოს.
ამის შემდეგ, წესით და რიგით, ოპოზიცია, სრული შემადგენლობით, პარლამენტში უნდა შევიდეს.
თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულდება ყველა პირობა, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში მაინც არ შევა (მასთან ერთად, ალბათ, არ შევა მეორე „ნაცმოძრაობა“ - „ევროპული საქართველო“).
როგორც უკვე ვთქვით, „ნაცმოძრაობას“, მიუხედავად იმისა, რომ ის დაჟინებით ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, სინამდვილეში მას ჯერ ქაოსი და არეულობა უნდა, არჩევნები კი ამ არეულობის ფონზე სურს გაიმართოს, რომ მღვრიე წყალში ოქროს თევზის დაჭერა გაუადვილდეს.
ვისაც უნდა დავენიძლავები, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევა!
ამის შემდეგ კი „ქართულ ოცნებას“ ისღა დარჩება, „ნაცმოძრაობას“ კარები მიუხუროს და უთხრას: არ გინდათ შემოსვლა და ნუ შემოხვალთ, პაშლი ვი ნახ.ი!
თუმცა არა, „ქართულ ოცნებაში“ ზრდილობიანი და თავაზიანი ხალხია და პაშლი ვი ნახ.ის ნადვლად, ალბათ, უფრო თავაზიანად ეტყვიან: წადით, რა, კოჭი გააგორეთო.
„ქართულ ოცნებასთან“ ერთად დროა, ქართველმა ხალხმაც იგივე უთხრას ამ ოდიოზურ ძალას და იქითკენ მიუთითოს, სადაც მისი ადგილია - პოლიტიკურ სანაგვეზე!
P.s. ამას წინათ ირაკლი იმნაიშვილს „ღამის კურიერში“ `ნაცმოძრაობის~ ახალი თავმჯდომარე ნიკანორ მელია ჰყავდა სტუმრად.
ნიკანორმა არაერთგზის, ხმამაღლა და ხაზგასმით დაადასტურა ის, რაც ამ წერილში ვთქვით: „ნაცმოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილი მართავს, ის არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი ხელმძღვანელი და ბატონ-პატრონი, მელია კი მისი „მოურავია“.
_ ყველაფერი, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, სააკაშვილთან შეთანხმებით ხდება, მე ყველაფერს მას ვუთანხმებ, _ განაცხადა პატივცემულმა ნიკამ და უხერხულობაც კი არ უგრძვნია იმის გამო, ეს მისი შეფი უკრაინის მოქალაქე რომ არის, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე გაცვალა.
თუ ვინმეს რაღაც ილუზიები ჰქონდა მელიასთან დაკავშირებით და ეგონა, რომ თავმჯდომარე მელია რაღაც პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანდა ენმ-ის ცხოვრებაში, იმ ღამეს „ღამის კურიერში“ ეს ილუზიები საბოლოოდ დაიმსხვრა და გაცამტვერდა - ნიკა პოლიტიკოსი არ არის, ნიკა ერთი მოხულიგნო ტიპია, რომელსაც, თავისი შეფის მსგავსად, ფსიქიკური პრობლემები აქვს - ზედმეტად ნერვიულია, არ შეუძლია ემოციების მოთოკვა, არ შეუძლია ოპონენტთან მშვიდად ოპონირება და თუ რაღაც არ მოეწონება, იმწამსვე ოპონენტის შეურაცხყოფაზე გადადის და მზად არის, ფიზიკურად გაუსწოროს ანგარიში.
ნიკანორ მელია პოლიტიკაში - ეს კატასტროფაა!
ნიკანორ მელია ენმ-ის თავმჯდომარედ - ეს ქვეყნისთვის სახიფათო და საშიში მოვლენაა!

ვახტანგ ხარჩილავა
"საერთო გაზეთი"